შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიცია თავისი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", - აღნიშნულია განცხადებაში.
დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით არის შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა.
მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.